1617 წელს ისფაჰანში შაჰ აბასის კარს ეწვია ესპანეთის მეფის ფილიპე მესამის ელჩი დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროა (García de Silva y Figueroa) რომელიც ორი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სპარსეთში. ამ ხნის განმავლობაში სილვა ი ფიგეროა აწარმოებდა დღიურს რომელშიც აღწერდა სპარსეთის სამეფო კარსა და საზოგადოებას. მართალია ქართულად ეს ჩანაწერები არ თარგმნილა მაგრამ ქართველი მკვლევარებისათვის ცნობილია ამ ცანაწერების ფრანგულ გამოცემას (L'ambassade de D. Garcias de Silva Figueroa en Perse), რომელიც ჰოლანდიელმა დიპლომატმა აბრაჰამ დე ვიქფორმა (Abraham de Wicquefort) თარგმნა და გამოსცა 1667 წელს.[1] ამ გამოცემაში ქართველები არიან ნახსენები რამდენიმე ადგილას (გვ. 169, 242, 254, 268-269, 335) მაგრამ ცნობები მეტად ზოგადი ხასიათისაა, რის გამოც ეს წყარო უმეტეს წილად მივიწყებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამ მხრივ ვიქფორმა „დათვური სამსახური“ გაუწია ესპანელ ელჩის და მისი ნაშრომის პოპულარიზაციის ნაცვლად ისტორიულ ჩრდილში მოაქცია იგი. სინამდვილეში კი ფრანგული გამოცემა წარმოადგენს სილვა ი ფიგეროას ნაშრომის მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს. ვიქფორმა თარგმნა ესპანელი ელჩის ჩანაწერების მხოლოდ მესამე და მეოთხე წიგნები და ისინიც არასრულად; ტექსტი ხშირად შეკვეცილად არის თარგმნილი, გამოტოვებულია უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად ვიქფორმა არ ჩათვალა საჭიროდ ეთარგმნა ესპანელი ელჩის და სპარსეთის შაჰის აბასის შეხვედრის და საუბრის ამსახველი მასალა რომელიც დედანში ორმოცზე მეტ გვერდს მოითვლის. უფრო მეტიც, ვიქფორის თარგმანი შეიცავს ფიქტიურ მასალასაც, მათ შორის ესპანელი ელჩის მშვიდობიანად დაბრუნებას სამშობლოში, მაშინ როდესაც ფიგეროა მგზავრობისას გარდაიცვალა.
ესპანელი ელჩის ჩანაწერები წარმოადგენენ ერთ ერთ საუკეთესო წყაროს მეჩვიდმეტე საუკუნის სპარსეთზე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ჟან შარდენის და პიეტრო დელა ვალეს ცნობილ ნაშრომებს. ფიგეროას ხელნაწერის დედანი დაცულია ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქალაქ მადრიდში (MSS 18217).[2] ხელნაწერი დიდი ტანისაა და შეიცავს 541 ფოლიოს, ანუ 1000-ზე მეტ გვერდს. ტექსტი დაწერილია მჭიდროდ, ლამაზი ხელით, შავი მელნით, ქაღალდზე; ტექსტს თან ახლავს ხშირი მარგინალია, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს. ჩანაწერებს თან ერთვის ერთი რუკა[3] და რვა ნახატი რომელიც შესრულებულია ფიგეროას ერთ-ერთი თანხლები პირის მიერ და წარმოადგენს ძველი სპარსული დედაქალაქის პერსეპოლისი ნანგრევებში გაკეთებულ ჩანატახატებს. ხელნაწერი დაყოფილია შვიდ წიგნად მაგრამ პირველ ბეჭდურ ესპანურ ენოვანი გამოცემაში - მანუელ სერანო ი სანზას ორ-ტომეული გამოცემა (1903-1905 წწ)[4] - მეოთხე წიგნი, რომელიც ყველაზე დიდი მოცულობისაა, გაყოფილი იქნა ორ ნაწილად ხოლო თითოეული წიგნი შემდეგ დაყოფილ იქნა თავებად.
გარსია დე სილვა ი ფიგეროა დაიბადა 1550 წლის 29 დეკემბერს დაბა ზაფრაში, დასავლეთ ესპანეთში მდებარე ექსტრემადურას რეგიონში. მისი ოჯახი იყო ერთ-ერთი ყველაზე ზეგავლენიანი ესპანეთში, რამაც დიდად შეუწყო ხელი ახალგაზრდა ფიგეროას კარიერას. იგი თავდაპირველად მეფე ფილიპე მეორეს კარზე მსახურობდა. 1595-1604 წლებში ფიგეროა იყო მთავარი სამეფო მოხელე სხადასხვა რეგიონში, მათ შორის ტოროში და ბადაჰოზში. შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო საბჭოში (Secretaría de Estado). სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა მან განათლებული, ნიჭიერი და დარბაისელი პიროვნების რეპუტაცია, რამაც ხელი შეუწყო მის გაგზავნას სპარსეთში. ფიგეროას ევალებოდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები სპარსეთის შაჰ აბასთან ოსმალეთის წინააღმდეგ ალიანსის შესაქმნელად და ინდოეთის ოკეანეში ესპანეთის ინტერესების დასაცავად. 1614 წლის გაზაფხულზე ფიგეროამ დატოვა ესპანეთის სანაპირო და მრავალთვიანი მგზავრობის შემდეგ ჩავიდა ინდოეთში. სამწუხაროდ აქ მას მოულოდნელი პრობლემები შეექმნა. გოა პორტუგალიური კოლონია იყო. მართალია ესპანეთის მეფემ ფილიფე მეორემა მოახდინა პორტუგალიის და ესპანეთის სამეფო ტახტების დინასტიური უნია (ე.წ. იბერიის უნია, 1580-1640 წწ.), პორტუგალიელებს დიდად არ ეპიტნავებოდათ ესპანელთა ბატონობა და, მითუმეტეს, მათი გამოჩენა და კონკურენცია ინდოეთში. ამრიგად გოას პორტუგალიურმა ხელისუფლებამ დიდი ხნით დააკავა ფიგეროა, რომელმაც სპარსეთში ჩასვლა მოახერხა მხოლოდ 1617 წლის მიწურულს, ესპანეთიდან გამგზავრებიდან 3 წლის თავზე. მომდევნო ორი წლის (1617-1619 წწ.) განმავლობაში ფიგეროამ მოინახულა სპარსეთის სხვადასხვა მხარე; ისფაჰანში შეხვდა ცნობილ იტალიელ მოგზაურს პიეტრო დელა ვალეს, რომელმაც აღნიშნა ეს გარემოება თავის წერილში.[5] შაჰ აბასთან აუდიენციის შემდეგ, ფიგეროა ესპანეთში გაემზაგვრა მაგრამ ეს გზა მეტად რთული გამოდგა. ასაკმა (ფიგეროა უკვე 74 წლის იყი), ხანგრძლივმა მგზავრობამ და ავადმყოფობამ იმხელა დაღი დაასვა ესპანელ მგზავრს რომ მან ვერ შეძლო სამშობლოს ნახვა; 1624 წლის 22 ივლისს, აზორის კუნძულებთან მიახლობისას, იგი გემზე გარდაიცვალა და ზღვაშივე დაასაფლავეს.
ფიგეროას ხელნაწერი გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში აზიაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე და სავსეა საინტერესო დეტალებით ინდოეთში და სპარსეთში ნანახ ხალხზე და მოვლენებზე. ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ქართველებს. მართალია ფიგეროა არ ყოფილა ჩასული საქართველოში მაგრამ სპარსეთში იგი არაერთხელ შეხვედრია ქართველებს (მათ შორის ქეთევან დედოფალს და მასთან დაახლოებულ პირებს), დიდად მოიხიბლა მათი და გვაწვდის საინტერესო დეტალებს როგორც საქართველოზე ასევე სპარსეთში მყოფ ქართველებზე და მათზე არსებულ შეხედულებებზე. მაგალითად ფიგეროა აღნიშნავს რომ
[fol. 408v] სხვა მოგზაურებმა გააფრთხილეს
[ჩემი] მოსამსახურეები რომ არ მისულიყვნენ ახლოს იმ ტახტრევნებთან - უფრო სწორი იქნება
თუ მათ გალიებს ვუწოდებთ - რომლებშიც ქურთი, ქართველი და სპარსი ქალები მგზავრობენ,
ვინაიდან ამ ეროვნების ხალხი მეტად ფხუკიანია ქალებთან მიმართებით. ხშირად, როდესაც
გზა არ არის საკმარისად განიერი, მგზავრს უწევს აქლემებზე ჩამოკიდებული ტახტრევნების
გვერდით გავლა მაგრამ რამდენჯერაც ეს გაგვიკეთებია, მამაკაცები რომლებიც თან ახლავთ
და დარაჯობენ ტახტრევნებს, გაშმაგებული თვალებით გვიმზერდნენ, არადა ეს ტახტრევნები
ისეა დაფარული რომ უბრალოდ შეუძლებელია დაინახო შიგნით ვინ ზის. ზოგადად, ამ აზიელებს
უკვე დიდი ხანია წესად აქვთ სასტიკად აკრძალონ ამ მომცრო ტახტრევნებში მჯდომ ქალებთან
მიახლოვება და დამრღვევს მკაცრად სჯიან კიდევაც. უფრო მეტიც, თუ ქალი წარჩინებული გვარიდან
არის, მას წინ უსწრებენ საჭურისები რომლებიც ხმამაღლა გაჰყვირიან და აფრთხილებენ ყველას
[გზისკენ] ზურგით შეტრიალდნენ ან საერთოდ მოშორდნენ გზას ისეთ მანძილზე რომ მგზავრი
ქალები ვერ დაინახონ. ამ მოთხოვნას ყველა, მათ შორის წარჩინებული პირებიც კი, უმალვე
ასრულებს ვინაიდან დამრღვევს დაუყონებლივ მიწაზე წააქცევენ ხოლმე და ჯოხით უმოწყალოდ
სცემენ.
ამ სტატიაში ვთარგმნე სილვა ი ფიგეროას ჩანაწერების მეხუთე წიგნის ერთი ნაწილი რომელიც აღწერს უშუალოდ საქართველოს და ქართველებს. ეს თარგმანი ემყარება როგორც ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ დედანს, ასევე ხელნაწერს ბეჭდურ ესპანურ და ინგლისურ ენოვან გამოცემებს.[6] ტექსტი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე და დიდ იმედს ვიტოვებთ რომ მომავალში მოხდება ესპანელი ელჩის ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის სრული თარგმანი და გამოქვეყნება საქართველოში.
ხელნაწერის მეხუთე წიგნში ფიგეროა დიდ ადგილს უთმობს კავკასიის გეოგრაფიის აღწერას, სადაც ის გაკვრით აღნიშნავს რომ [fol. 365v][7] “კუროსის და არაქსის მდინარეების სათავეების, და შემდეგ მათი დინების უმეტესი ნაწილის ირგვლივ მდებარე მთელი მიწა შეადგენს ყოფილ აღმოსავლეთ იბერიას, რომელსაც ახლა საქართველოს ან გეორგიანას უწოდებენ. ჩვენს დროში [მე-17 საუკუნის დასაწყისი] ეს მხარე სახელგანთქმულია აქაური მოსახლეობის ტანჯვა-წამებით რომლის შედეგად ამდენი დიდი უბედურობა ეწვია ამ მხარეს.“
სამხრეთ კავკასიის კლიმატის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, ავტორი განაგრძობს:
[fol. 366r] ამ მხარეში [საქართველოში]
თბილისის, გრემის და ზუგდიდის გარდა სხვა არც ერთი დიდი ქალაქი და დაბა არ არის. ქართველები
სახლობენ დიდ ტყეებში გაფანტულ პატარა სოფლებში, რომლებიც ხუთი, ექვსი, ათი ან ოცი
ხის ქოხისგან შედგება. თითოეული ქართველი ყოველივე საჭიროს იღებს ტყიდან იმისდა მიხედვით
თუ რა წოდება და საშუალება აქვს მას; მიწის ნაკვეთები შემოსაზღვრულია ხის ტოტების ღობით
ან თუ ბევრი მოსახლეა, [საგანგებო] ნიშნებით რათა ყველამ იცოდეს ვის რა ეკუთვნის. და
ყოველივე ეს შეეხება მხოლოდ იმ მიწას რომელიც მდებარეობს ქართველთა სოფლებთან, ხოლო
უფრო მოშორებით მდებარე მიწა საერთო საკუთრებაშია, მათ შორის არა მხოლოდ ის ადგილები
სადაც ხე-ტყის მასალას ამზადებენ ან ხეხილს ზრდიან, არამედ საძოვრებიც სადაც საქონლის,
ცხვრების და, ყველაზე მეტად, ღორების დიდი ფარები აქვთ მოშენებული. მათი ხშირი ტყეები
დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალას იძლევა. [fol. 366v] მათ შორის ბაძგის, მუხის,
თხილის და წაბლის ხეებია, რომ არაფერი ვთქვათ ხეხილზე რომელთა უმეტესი ნაწილი ცნობილია
ევროპაში და რომელთა შორისაა მსხლისა და ვაშლის
მრავალი ხე, რომლებიც ველური სახეობის კი არ არიან არამედ მაღალი და ლამაზი ხეებია
რომლებიც აშკარად ამ ხალხმა დიდი მზრუნველობითა და ხელოვნებით მოაშენა.ხოლო ვინაიდან
ეს მხარე დაფარულია ასეთი ხშირი ტყით, აქ ნახავთ გასაოცარი რაოდენობის და ნაირსახეობის
ნადირს, როგორც ხმელეთზე ისევე ჰაერში მცხოვრებს. ამიტომ არც არის გასაკვირი რომ ყველა
ეს ხალხი [ქართველები] ასეთი გულმოდგინე მონადირეები არიან. მათ ჰყავთ სხვადასხვა ჯიშის
მრავალი ძაღლი რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ ველურ ტახზე და ირემზე სანადიროდ.
[ქართველები] ასევე აშენებენ მსოფლიოში საუკეთესო შევარდენებს რომლებსაც ისინი იყენებენ
სანადიროდ უთვალავხოხობზე, დურაჯსა და მწყერზე რომლებითაც აქაური ტყეები სავსეა, რომელ
მხარესაც არ უნდა გაიხედო. [საქართველოს] მხარეების საზღვრებს რწყავენ კუროსი [მტკვარი]
და არაქსის მდინარეები მაგრამ მათ გარდა კიდევ მრავალ პატარა მდინარე - ძალიან სუფთა
და საუცხოო წყალით - კვეთენ ამ მიწებს.
ამრიგად მთელი ეს რეგიონი
მეტად ბარაქიანია და საამური ყოველივე იმაში რაც საჭიროა ადამიანის ცხოვრებისათვის,
რომელიც [თავისი ხარისხით] აქ ბევრად უფრო აღემატება აღმოსავლეთის სხვა ერებისას. მართალია
ქართველთა შენობების უმეტესობა აშენებულია ზემო-ხსენებული წესით, წარჩინებულ და ძლევამოსილ
მოსახლეობას გააჩნია ქვით-ნაშენი და კრამიტით გადახურული სახლები როგორც ეს ევროპაშია
მიღებული, ხოლო მათი ეკლესიები უმეტეს წილად კოხტად ნაშენია - მათი მაღალი და სქელი
კედლები კირითა და ქვით, ან აგურით, არის აშენებული ხოლო სახურავი ან კამაროვანია ან
აშენებული საუცხოოდ დამუშავებული ხისგან.
ქართველები არიან კაცნი კარგად აგებულნი და
ძლიერნი, თეთრი და
კეთილშობილური იერსახის, ომში
მკვირცხლნი და შეუპოვარნი; თავიანთ ხშირ
ტყეებს ამოფარებულნი ისინი მუდამ ახერხებენ საკუთარი თავის დაცვას და
მხოლოდ მაშინ მარცხდებიან როდესაც მათი
ერთობა ირღვევა და
ისინი ცალ-ცალკე ჯგუფებად არიან დაყოფილები. [fol. 367r] სწორედ ასეთ
დროს აწიოკებენ მათ
თურქები და სპარსელები. მართალია ქართველები არიან მამაცნი და
გამბედავები, რაც არსებითი თვისებებია კარგი ჯარისკაცისათვის, ისინი ამავე დროს
არიან უქნარები, ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ მორჩილებასა და
მტკიცე დისციპლინას, რის
გამოც მათ შორის უწესრიგობა სუფევს; პოლიტიკური ან
სამხედრო საკითხებში
მათ საერთო საქმის [republica] მცირე გამოვლინებაც კი
არ გააჩნიათ. მათ
შორის ძალიან ცოტაა მდიდარი [და]
ისინი კმაყოფილდებიან სწორედ იმდენით რამდენიც საჭიროა საარსებოდ დიდი
შრომის გარეშე, რაშიც მათ
დიდად ხელს უწყობს მათი
საოცრად უხვი და
ნაყოფიერი მიწა-წყალი.
თითქმის ყველა ქართველი ქალი
ტანმაღალია, თეთრი [იერსახის] და
ლამაზი, თუმცა მათ
მაინც აკლიათ ევროპელი ქალებისათვის დამახასიათებელი გრაცია და
სილამაზე. ისინი
ისევე ზარმაცი და უსაქმური [haraganas y poco industriosas ] არიან როგორც [ქართველი]
მამაკაცები. დროის უმეტეს ნაწილს ეს ხალხი ატარებს ტყეში ქეიფსა და დროსტარებაში. ქალებიც
და კაცებიც ადრეული ბავშვობიდანვე სვამენ ღვინოს. აზნაური ქალები ცხენზე ამხედრებულები ნადირობენ შევარდნებით, და
თუ ხელზე შევარდენს არ
ატარებენ, მაშინ აუცილებლად უჭირავთ მშვილდ-ისარი, რათა
რაიმე სხვა ნადირზე ინადირონ, რაშიც ბევრი მათგანი მეტად გაწაფულია. ვინაიდან ამ
ქალთა ტანისამოსი კაცების მსგავსია, ისინი დიდი
სიმარჯვით ატარებენ ცხენებს და
რათა უფრო მოხდენილად გამოიყურებოდნენ, თმა
აქვთ მოშვებული და
მხრებზე გაშლილი, რითაც ისინი დიდად ამაყობენ კიდეც. ისინი ყველა საშუალებას იყენებენ, რომ
ყველაზე მოხდენილად და
ლამაზად გამოიყურებოდნენ.
კაცების და ქალების ტანისამოსი მსგავსია სპარსელებისა
და მოიცავს დოლბანდს, ჯუბასა და შარვალს; ეს უკანასკნელი ასევე წინდების ფუნქციას ასრულებს.
ჯუბა ანუ კაბაია წარმოადგენს ძალიან განიერ ნაჭრის სარტყელს რომელსაც [fol. 367v] ისინი წელის ირგვლივ იხვევენ, დოლბანდის მსგავსად.
ეს სარტყელები დამზადებულია სხვადასხვა ფერის აბრეშუმისაგან, რომელშიც ოქრო ან ვერცხლია
ჩაქსოვილი; წელზე მორგებული ეს სარტყელები საკმაოდ ძორძოხაა. [ქართველები] ამ სარტყლებს
ატარებენ წელზე საკმაოდ დაბლა, საჯდომ ადგილზე და სარცხვინელზეცოტა უფრო მაღლა. დოლბანდის
ნაცვლად ქალები, ისევე როგორც მამაკაცთა უმეტესობა, ატარებენ ქუდებს რომლებსაც აქვს
განიერი ძირი და წვეტიანი თავი; აზნაური ქალების ქუდები მათი ჯუბების შესაბამისია და
დამზადებულია მოოქროვილი ნაჭრისგან რომელსაც მილექს უწოდებენ, და რომელსაც სარჩულად
აქვს კვერნის ან სხვა რომელიმე ძვირფასი ბეწვი. [ქართველი] ქალიშვილები კი უბრალოდ
თმას იწნავენ და საერთოდ არ ატარებენ რაიმე სხვა თავსაბურავს.
ქართველები კეთილად და დიდი ხალისით ეგებებიან ყველა
უცხოელს. თუ სტუმრები წარჩინებული წარმოშობის არიან, მათ შეუძლიათ გაიცნონ და გაესაუბრონ
მათ ცოლებს, დებს და ქალიშვილებს, მაგრამ ამაშიც უნდა დაიცვან წესი და რიგი. ამასთან
მათი ქალები დიდ ინტერესს იჩენენ მოგზაურების მიმართ. მაგალითად გისლენ დე ბუსბეკი,[8] [საღვთო
რომის] იმპერატორის ფერდინანდ I და მისი შვილის მაქსიმილიან II-ს ელჩი კონსტანტინოპოლში,
აღნიშნავს რა რომ დასავლეთ ქართველები ცხოვრობენ იმ რეგიონებში რომლებიც შავი ზღვის
სანაპიროზე მდებარეობენ და რომ მათ იტალიელები და კონსტანტინოპოლში მცხოვრები სხვა
ერები, უწოდებენ მეგრელებს, ხოლო ძველად უწოდებენ კოლხებს, თავაზიანად მაგრამ მხიარულად
მიუთითებს რომ იქ სადაც იასონები არიან, არაერთი მედეაც გამოჩნდება.
[ქართველთა] მიწა ნაყოფიერია და მათ ბევრი საქონელი და ცხვარი ჰყავთ. ამავე დროს ისინი
აწარმოებენ აბრეშუმს რომელსაც დიდებულები ატარებენ. აბრეშუმის დიდ ნაწილს [ქართველები]
ყიდიან სომეხ, სპარს და თურქ ვაჭრებზე, რომლებიც ან ფულს იხდიან ან უცვლიან მათ ალეპოდან
ჩამოტანილ ქსოვილებზე, ან ინდოეთიდან ჩამოტანილ ტილოებზე და ნაჭრებზე, რომლებსაც მდაბიო
მოსახლეობა ატარებს. რაც შეეხება რელიგიას, ქართველები ქრისტიანები არიან, თუმცა მათ
ახასიათებთ ყველა ის შეცდომა რაც აღმოსავლეთის ქრისტიანებს ახასიათებთ. მათი მრწამსი
უფრო ახლოსაა ბერძნების და სომხების რწმენასთან ვიდრე იაკობიტების, მარონიტებისა და
ნესტორიანელების შეხედულებებთან. ისინი დიდ პატივს სცემენ წმინდა გიორგის როგორც მათ
მფარველს [fol. 368r] რის გამოც
აღმოსავლეთელ და დასავლეთელ ქართველებს გეორგიანელებს უწოდებენ, თუმცა აღწერს რა ამ
მხარეს სტრაბონი, მას გოგარენას უწოდებს. ძველად ეს ხალხი დაყოფილი იყო ალბანელებად,
იბერიელებად და კოლხებად.
თავიანთ სახლებში წარჩინებულ ქართველებსაც კი ძალიან
მწირი ავეჯი და საოჯახო ნივთები აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ ისინი მეტად ხელგაშლილები
არიან თავიანთი ეკლესიების მორთვაში და დიდი მოწიწებით ეპყრობიან წმინდა ნივთებს. ისინი
ატარებენ ქუდებს, დალმატიკს [უსახელო ხიტონი] და მოსასხამს [კაზულა] რომლებიც განსხვავდებიან
ჩვენში მიღებული [ტანისამოსისაგან] და შეკერილია აბრეშუმის, ოქროთი და ვერცხლით [ნაქარგი]
ქსოვილით. მათი ბიბლიები, სალიტურგიო წიგნები [მისალი] და კურთხევანი შემკულია სხვადასხვა
ფერის ხავერდის ყდებით და აქვს ოქროს შესაკრავები და კლიტეები...
როგორც უკვე ავღნიშნე, ამ სამ პროვინციაში, რომელსაც
ყველა აზიელი მხოლოდ ერთ სახელს, საქართველოს, უწოდებს, [მოსახლეობას] აქვს ერთნაირი
ადათები, ცხოვრების წესი, ენა და ტანისამოსი. ერთმანეთის მიმართ ისინი ამჟღავნებენ საოცარ ქრისტიანულ ქველმოქმედებას. ერთმანეთის მიმართ მათი
თანადგომა წარმოადგენს ადამიანური კეთილშობილობის ერთ-ერთ უშვიათეს მაგალითს. ისინი რიგ
რიგობით უზიარებენ ერთმანეთს ყველაფერს იმას
რაც აკლიათ, და
ცხოვრობენ იმ მარტივი, ჭეშმარიტი და
კეთილი ბუნებით რომლითაც უდავოდ დაჯილდოვებულები იყვნენ პირველი ადამიანები რომელთაც ყოველივე საერთო საკუთრებაში ჰქონდათ. მართალია ვერ
ვუარყოფთ რომ ეს
ხალხი არაცივილიზებულია და
მცდარი მრწამსის მიმდევარია, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება კეთილშობილებას, ისინი სწორად იცავენ [ქრისტიანული] მრწამსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მცნებას და
მოციქულთა ქადაგებებთან სრულ
ჰარმონიაში არიან, რაც
მეტად იშვიათია ჩვენს [კათოლიკთა] შორის.
ქართველები აშენებენ უამრავ ცხოველსა [fol. 368v] და შინაურ ფრინველს მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია ერთი
დიდტანიანი ფრინველი რომელიც ბუნებრივად ბუდობს უღრან ტყეში სადაც ხის თავში იშენებს
ბუდეს და ერთი ხიდან მეორეზე დაფრინავს დიდ მანძილზე. ეს ფრინველი სხვებთან შედარებით
ბევრად უფრო გემრიელია და [ჯანმრთელობისათვის] სასარგებლო.
ანტიკური, გმირული, ეპოქის ბერძნები იცნობდნენ ამაზონელებს,
მეომარ ქალებს რომლებიც კაცებისაგან დამოუკიდებლად და განცალკევებით ცხოვრობდნენ. ამაზონელებზე
ცნობები ტროას ომის დროიდან გვხვდება. ვისაც კი დაუწერია ამ ქალებზე ყველა აღნიშნავს
რომ ისინი სახლობდნენ კაპადოკიის (რომელიც დღევანდელი ამასიაა) ყველაზე აღმოსავლეთ
ნაწილში, მდინარე თერმოდონის [თერმე] გაღმა. ვინაიდან [იმ შორეულ დროს] ბერძენები არ
იცნობდნენ ამ საზღვრის აღმოსავლეთით მიწებს, ამიტომ ისინი არ ფიქრობდნენ რომ ამაზონელები
კიდევ უფრო მოშორებით ცხოვრობდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც ბერძნებმა შეარწიეს მცირე
აზიაში და დაიკავეს ვრცელი ტერიტორია იონიის სანაპიროზე და ააგეს [ქალღმერთ] დიანსადმი
მიძღვნილი სახელგანთქმული ტაძარი ეფესუსში, მათ [ამაზონელებზე] უფრო დეტალური ცნობები
დატოვეს. და ვინაიდან ამჟამად საქართველოში გავრცელებული ცნობები ქართველი ქალების
მიერ ჩადენულ უამრავ საგმირო საქმეზე უდავოა - განსაკუთრებით მათი ძლიერი და თავდაჯერებული
ხასიათის გათვალისწინებით - არც ისე რთულია ვივარაუდოთ რომ სწორედ ეს მხარე არის ამაზონელების
ნამდვილი სამშობლო. რა თქმა უნდა ამ ვარაუდის ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს კითხვაში
არსებობდნენ კი ამაზონელები.
ამ ვარაუდზე
საუბრისას ჩვენ არ დავეყრდნობით პლუტარქეს მიერ დაწერილ გნეუს პომპეუსის ბიოგრაფიას
რომელშიც აღნიშნულია რომ ალბანელთა დაპყრობისას პომპეუსს მოუწია ქალების წინააღმდეგ
ბრძოლა. ამის ნაცვლად მინდა მოვიშველიო კარგად ცნობილი შემთხვევა რომელიც სწორედ ამჟამად
მოხდა და რომელიც ადასტურებს [მებრძოლ ქალებზე] ძველ გადმოცემებს რომლებიც შეიძლება
ჩავთვალოთ დაუსაბუთებლად და ხალხის ფანტაზიის ნაყოფად მაგრამ ეს არ იქნება მართებული.
[fol. 369r] კონსტანტინოპოლში
გულადი სიმონ ხანის [ქართლის მეფე სიმონი] დაპატიმრების და გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე
ხანს [კახეთის მეფე ალექსანდრე] განაგრძობდა მეფობას საქართველოს იმ მხარეში რომელიც
მდებარეობს ქალაქებს ზაგანსა [ძეგამი] და გრემს შორის. და ვინაიდან შაჰს აბასს, სპარსეთის
ამჟამინდელ ხელმწიფეს რომელსაც ქართველების სრული დაპყრობა და დამორჩილება სურდა, ეჭვი
ეპარებოდა ალექსანდრეს ერთგულებაში, შაჰმა ფარულად მოისყიდა ალექსანდრეს უფროსი შვილი
კონსტანტინე მირზა რათა მოეკლა მამამისი; ამი სანაცვლოდ შაჰი დაპირდა კონსტანტინეს
რომ გადასცემდა მას არა მხოლოდ მამამისის სამეფოს არამედ მთელს საქართველოს. ამრიგად
ამ სასტიკმა და უგულო შვილმა ჩაიდინა მამის მკვლელობა და თავის უდანაშაულო მამა სიცოცხლეს
გამოასალმა. ამის შემდეგ [კონსტანტინე] გაიქცა სპარსეთის ხელმწიფესთან და ცოტა ხანში
დაბრუნდა 14,000 სპარსელ მხედართან ერთად რათა ამ საძაგელი საქციელისათვის დაპირებული
სამეფო დაეკავებინა.
ალექსანდრეს მეუღლე და კონსტანტინეს დედა ქეთევან კანუმი
- ხოლო კანუმი სპარსული წოდების ბეგუმის ტოლფასია - გლოვობდა მეუღლის დაღუპვას და სამართლიანად
აღშფოთებული იყო მომხდარით. როგორც ადრე ავღნიშნე [სილვა ი ფიგუეროა] შეხვდა ამ ქალს
ქალაქ შირაზის ციხეში. მას განზრახული ჰქონდა შური ეძია თავისი ქმრის სიკვდილისათვის,
მიუხედავად იმისა რომ მისი შურისძიების სამიზნე მისივე შვილი იქნებოდა. მას ასევე სურდა
საკუთარი სამშობლოს უცხო ტომისა და მრწამსის ხალხისგან დაცვა. ამიტომ მან უმალვე შეკრიბა
6,000 მამაცი მხედარი, რომლებმაც ფიცი დადეს რომ ბოლომდე გაჰყვებოდნენ მას და გულადად
შეეგებენენ მტრის ჯარს რომელიც უკვე საქართველოს ფარგლებში იყო შემოსული. ქეთევანი
მზად იყო ყველაფერი ეღონა თავისი საწადელის მისაღწევად. იგი შეიარაღებული იყო არა მხოლოდ
მშვილდ-ისრით და ხმლით, არამედ ხანჯლითაც რომელიც მან თავისი ჯუბის [კაბის] სახელოში
დამალა. შემდეგ მან კონსტანტინეს გაუგზავნა წერილი და შესთავაზა შეხვედრა რათა შეთანხმებულიყვნენ
დაზავებაზე და ამდენი ქართველი და სპარსელი სიკვდილისათვის არ გაეწირათ. ქეთევანმა
ასევე აღნიშნა რომ თუ კონსტანტინე მშიდობიანად შევიდოდა მის ტერიტორიაზე, იგი მზად
იყო შეხვედრილიყო მას პირისპირ, ორთავე ჯარის წინაშე კერძო საუბრისათვის. წინდაუხედავი
კონსტანტინე ენდო ამ თხოვნას [fol. 369v] მაგრამ როდესაც იგი მიუახლოვდა ქეთევანს რათა მოესმინა
მისი სიტყვებისათვის, ქალმა მოულოდნელად იშიშვლა ხანჯალი და მუცელში გასთხარა იგი.
ეს ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. იმავე წამს ქართველებმა იერიში წამოიწყვეს სპარსელთა
ჯარზე რომელიც თავზარდაცემული და შეშინებული იყო მომხდარის გამო. მიუხედავად იმისა
რომ ქართველები რიცხობრივად ბევრად უფრო მცირენი იყვნენ, მათ სპარსელები აოტეს ხოლო
ეს მამაცი და ჭეშმარიტი ამაზონელი [ქათევანი] მთელი შემართებით მოუწოდებდა ქართველ
მეომრებს არ დაენდოთ მოწინააღმდეგე და სრულად გაენადგურებინა იგი.[9] საყოველთაოდ
ცნობილი ფაქტია რომ ბევრი ქართველი ქალი თავისი ქმრის გვერდით იბრძვის ომის დროს. ალბათ
სწორედ ამ ქალებს გულისხმობს ჯოვიო როდესაც აღნიშნავს რომ ჩალდირანთან ბრძოლის შემდეგ
თურქებმა სპარსელების მიერ დატოვებული ნადავლის ძებნის არაერთი მკვდარი ქალის ცხედარი
იპოვეს.
[fol. 369v - 370r: ევროპის სხვა რეგიონები მეომარი ქალების მოკლე მიმოხილვა]
[fol. 370r] მართალია მეგრელები ცნობილები არიან როგორც ქართველები მაგრამ ცხოვრობენ დასავლეთის მხარეში რომელიც შავ ზღვამდე სწვდება. როგორც ავღნიშნე ისინი წარმოადგენენ კოლხეთის ძველ მოსახლეობას. თავიანთ მრწამსში, ადათებში და ცხოვრების წესში ისინი ქართველების მსგავსი არიან. მათი ძირითადი ქალაქი [სიტყვა წაშლილია] მდებარეობს მდინარე ფაზისის - როგორც ამ მდინარეს ანტიკური ხანიდან უწოდებენ - შესართავთან. ეს დასავლეთ ქართველები არ არიან ისე გაწაფებულები ომში [fol. 370v] როგორც [აღმოსავლეთ] ქართველები და ბუნებითაც ჩამორჩებიან მათ, მაგრამ ამავე დროს უფრო დახვეწილები არიან და ერთი მეფის ხელთქვეშ არიან. ყოველივე ეს იმის შედეგია რომ მათ გააჩნია საზღვაო ვაჭრობა შავ ზღვაზე და აქვთ ურთიერტობა ბრეძენ და ლატინ ვაჭრებთან რომლებიც ცხოვრობენ კონსტანტინოპოლში, ხოლო უწინდელ დროს კი ამ ქართველებს ურთიერთობა ჰქონდათ გენუელ და ვენეციელ ვაჭრებთან რომლებიც, როგორც იმ ზღვის ბატონები, ქალაქებს კაფასა და ტანას ფლობდნენ. ამრიგად ფაზისში ვაჭრობის შემოსავლის გამო [დასავლეთ] საქართველოს მეფე უფრო მდიდარია ვიდრე საქართველოს სხვა დიდებულები, თუმცა მისი მიწა არ არის ისეთი ნაყოფიერი. ეს მეფე ცნობს ოსმალეთს თავის სუზერენად რის გამოც უკანასკნელ წლებსი სპარსელები ვერ აწუხებენ ამ ქართველებს ისე როგორც მათ მეზობლებს; ამასთან საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით [დასავლეთ] ქართველების მიწა ბევრად უფრო მოშორებულია სპარსეთისგან. ისე არც თურქები აწუხებდნენ ამ ქართველებს თბილისის, თაბრიზის და შირვანის წინააღმდეგ გამართულ ომებში [საუბარია მე-16 საუკუნის მიწურულს გამართულ კამპანიებზე]. მეგრელები არიან უქნარა და უყვართა უზომოდ ღვინის დალევა, რაშიც ფლანგავენ დროის უმეტეს ნაწილს. ამის გამო არავინ თვლის მათ მშვიდობაში თუ ომში მაღალის ახელმწიფო თანამდებობების ღირსად. აქვე უნდა ავღნიშნო რომ გონივრული იქნება კაცებზე უფრო მეტად აქაური ქალების ქება. შეიძლება ამის გამო ან განსაკუთრებული ბუნების თუ ხასიათის გამო, ეს ქალები იმდენად ნაყოფიერები არიან რომ ბევრი მათგანი ათი წლის ასაკში აჩენს ბავშვებს.
[სილვა ი ფიგეროა შემდეგ აღწერს ჩერქეზებს]
[1] L'ambassade de D. Garcias de
Silva Figueroa en Perse, contenant la politique de ce grand empire, les moeurs
du roy Schach Abbas, & une relation exacte de tous les lieux de Perse &
des Indes, où cét ambassadeur a esté l'espace de huit années qu'il y a
demeuré. Traduite de l'espagnol par Monsieur De
Wicqfort (Paris: Louis Billaine, 1667).
[2] García de Silva, Comentarios de don García de Silva que contienen su
viaje a la India y de ella a Persia, cosas notables que vió en él y los sucesos
de la embajada al Sophi, Biblioteca Nacional de España, Manuscrito, MSS
18217. აღსანიშნავია რომ ხელნაწერის მესამე ფოლიოზე არსებული მინაწერიდან ირკვევა რომ ეს წიგნი 1852 წლის ოქტომბერში იყიდა ცნობილმა ესპანელმა აღმოსავლეთმცოდნემ პასკუალე დე გაიანგომ “40 რეასის ფასად კალე დელ არენალში წიგნის გამყიდველისგან რომელმაც ის შეიძინა, სხვა საბუთებთან და ხელნაწერებთან ერთად, ტარიფების კოლეგიის ბიბლიოთეკიდან.“ ცოტა მოგვიანებით ხელნაწერი აღმოჩნდა ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუმცა უცნობია რა გზით მოხდა ეს.
[3] ინდოეთის ქალაქ გოას რუკა შესრულებულია ცნობილი პორტუგალიელი კარტოგრაფის მანუელ გოდინიოს დე ერედიას მიერ 1616 წელს.
[4]
Manuel Serrano y Sanz, ed. Comentarios de
d. Garcia de Silva y Figueroa de la embajada que de parte del rey de España
don Felipe 3 hizo al rey Xa Abas de Persia. Madrid: Est. tip. de la
"Revista de arch., bibl. y museos,”
1903-05.
[5] Pietro Della Valle, Viaggi di Pietro Della Valle il Pellegrino… (Roma, 1658), II, 324.
[6] ესპანური ბეჭდური გამოცემის დეტალები
იხილეთ სქოლიო 4. ინგლისური გამოცემა The
Commentaries of D. García de Silva y Figueroa on his Embassy to Shāh ‘Abbas I of Persia on Behalf of Philip III, King of
Spain, ed. Jeffrey Scott Turley and George Bryan Souza (Leiden: Brill, 2017).
[7] ფრჩხილებში მოყვანილია დედანის ფოლიოს გვერდები.
[8] ოჟიე გისლენ დე ბუსბეკი
(1522-1592) იყო ავსტრიის ელჩის ოსმალეთში. 1581 წელს გამოიცა მისი ცნობილი “თურქული
წერილები“ (Turcicae epistola) რომელშიც საინტერესო ცნობებია ქართველების შესახებ.
[9] სილვა ი ფიგუეროას
მინაწერი
ხელნაწერის
კიდეზე:
“სპარსელელები
და სომხები ამ ამბავს
სწორედ
ისე იცნობენ როგორც მე ავღწერე
აქ, მაგრამ აქვე ერთი რამ მინდა ავღნიშნო: რამდენიმე ქართველი მანდილოსანი, რომლებიც ქეთევან კანუმთან დაახლოვებულები არიან და მასთან
ერთად
ჩამოვიდნენ
საქართველოდან
ისფაჰანში,
ხშირად
ესწრებოდნენ
[კათოლიკურ]
წირვას
ესპანელი
ელჩის
[სილვა
ი ფიგუეროას] სახლში. მათგან მოვისმინე განსხვავებული ვერსია რომლის მიხედვით ეს მამაცი
ქართველი
ქალი არ იყო მეუღლე
ალექსანდრესი,
რომელიც
საკუთარმა
შვილმა
კონსტანტინე
მირზამ
მოკლა,
არამედ
სხვა ქართველი წარჩინებულის დავით ხანის მეუღლე. ეს ამბავი
უფრო დამაჯერებელია ვინაიდან უფრო მოსალოდნელია
რომ ქალი თავის ნათესავს მოკლავდა ვიდრე საკუთარ შვილს.“
No comments:
Post a Comment